რეგიონი
ნგრევის პირას მყოფი ზუგდიდის თეატრის შენობის ბედი ჯერ კიდევ გაურკვევლია
ნგრევის პირას მისული ზუგდიდის თეატრის შენობის ამსახველი ფოტოების სოციალურ ქსელში გავრცელებას ზუგდიდის მერიაში ეხმაურებიან. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღუბელაძის განმარტებით, თეატრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, გარკვეული პოზიტიური ძვრები არსებობს. 

„ადგილობრივი ბიუჯეტით თეატრის რეაბილიატაცია შეუძლებელია, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მერიის შესაბამისი სამსახურები ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, მზად არიან მაქსიმალურად ითანამშრომლონ და ყველა მათ ხელთ არსებული რესურსი გამოვიყენონ თეატრის რეაბილიტაციისთვის", - აღნიშნა რადიო "ათინათთან" საუბარში მაია ღუბელაძემ.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი აცხადებს, რომ თეატრის შენობა სავალალო მდგომარეობაშია და ვითარება დღითიდღე რთულდება. მან შესაბამისი ფოტომასალა და აღნიშნული განცხადება „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.

ცნობისთვის, კორეული კომპანია ,,TDA" ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციის საკითხით იყო დაინტერესებული და ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

Print