რეგიონი
მიმდინარე და დასრულებული პროექტები ზუგდიდში (ვიდეო)
გუბერნატორმა ლევან შონიამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პროცესი  დაათვალიერა, სასახლის რეაბილიტაციაზე წელს 800 ათასი ლარი დაიხარჯა, მთლიანობაში კი მისი აღდგენა 1 042 965 ლარი ჯდება. იგი ასევე გაეცნო ანდრია დადიანის პარკში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაშიც 235 533 ლარი დაიხარჯა.

მხარის გუბერნატორმა დაათვალიერა ზუგდიდის ყინულის სასახლეც, სადაც წელს 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მოეწყო ადმინისტრაციული შენობა, მაყურებელთა სკამები, გასახდელები, საშხაპეები და ფიტნეს დარბაზი. მთლიანობაში ყინულის სასახლის მშენებლობისთვის 5 მილიონამდე ლარი გამოიყო.

დღესვე ლევან შონიამ ვიცე-გუბერნატორთან, მერთან და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ზუგდიდის მშენებარე სტადიონი მოინახულა. სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარია გამოყოფილი, მთლიანობაში კი უეფას სტანდარტების სტადიონის აშენება 20 მილიონამდე ლარი ჯდება. ზუგდიდს სტადიონს ორი მოედანი ექნება - ერთი ბუნებრივ და მეორე ხელოვნურსაფარიანი.

სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ზუგდიდი და რეგიონი ყოველწლიურად წინა წელზე მეტ პროექტს და სამუშაოებს ახორციელებს.

„ჩვენი მთავარი დევიზია "ყოველი წელი მეტობის ნიშნით". წელს გვქონდა წინაზე უკეთსი წელი და მომავალი წელი იქნება ბევრად წარმატებული. წელს ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შედეგები რეგიონში - 220 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია - მომავალ წელს ჩვენ გვექნება ბევრად მასშტაბური სამუშაოები“, - განაცხადა ლევან შონიამ.
Print