რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ახლადაშენებული სახლები გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის აშენებული სახლების გადაცემა დღეს დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველი სახლი სოფელ კახათში ფაჟავების ოჯახს გადასცეს. ამ პროცესს ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და რეგიონის გუბერნატორი ლევან შონია დაესწრნენ.

„ძალიან გახარებული ვარ. 7 წელი ვცხოვრობდით გაუსაძლის პირობებში, ფიცრული სახლი გვქონდა. ყველას მადლობას ვუხდი, ძალიან ბედნიერები ვართ“, - აღნიშნა ეკა ჯიქიამ.

სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სახლების გადაცემა ხვალაც გაგრძელდება. გამგეობის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში სულ 16 სახლი აშენდა. პროგრამა მომავალ წელსაც განხორციელდება.

ცნობისთვის, ზუგდიდის გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და რემონტს არ ექვემდებარება, საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში უშენებს. პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. პროექტი საპილოტე იყო. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება. პროექტის იდეა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს გიზო სართანიას ეკუთვნის.

Print