რეგიონი
დიდთოვლობისგან მიყენებული ზარალი სამეგრელოში მილიონს ლარს აჭარბებს
როგორც ცნობილია, რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს პრობლემები შეექმნა. ჩამოინგრა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლების, კორპუსების, ადმინისტრაციული შენობების, ბაღებისა და სკოლების სახურავები.

რადიო „ათინათი“ შეეცადა გაერკვია, რამდენია ზარალის მთლიანი მოცულობა რეგიონში.

„ათინათს“ ქალაქ ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, რომ ზარალის დათვლა ახლაც მიმდინარეობს და ზუსტი მონაცემები ცნობილი არაა, თუმცა ამ დროისთვის ის უკვე 300 000 ლარს შეადგენს. ზარალს ითვლიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც, სადაც ამ დროისთვის 270 000 ლარის ღირებულების დაზიანებების აღწერა უკვე მოხერხდა.

ხობის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მათი რაიონის ზარალი 400 000 ლარს აღემატება.

ზარალი უკვე დაითვალეს წალენჯიხასა და ჩხოროწყუში. წალენჯიხაში ის 450 000, ხოლო ჩხოროწყუში 75 000 ლარს შეადგენს.

შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონისთვის მიყენებული ზარალი 1 მლნ 500 ათას ლარამდეა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, სხვა მუნიციპალიტეტებისთვის დიდთოვლობას ზიანი არ მიუყენებია.

ზარალის დამთვლელი კომისიების მუშაობის დასრულების შემდეგ სამხარეო ადმინისტრაცია მონაცემებს შემდგომი კომპენსირებისთვის ცენტრალურ მთავრობას გადაუგზავნის.

მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით ყველა დაზარალებულ მოქალაქეს ზარალი აუნაზღაურდება.
Print