რეგიონი
ზუგდიდში მცხოვრები დევნილები სოციალური დახმარების შეწყვეტას აპროტესტებენ
ზუგდიდში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილს შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვენ, რომელიც მათ 7 იანვარს, ხელახალი მონიტორინგის საფუძველზე, დროებით შეუჩერდათ.

მათი თქმით, დახმარება, შესაძლოა კიდევ 3 თვეს ვერ მიიღონ.

„სამი დღეა აქციას ვმართავთ. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას .გადაუხდელობის გამო შუქი ჩამიჭრეს. იმისათვის რომ გავთბე, ვწვავ ტანსაცმელს და სხვა საოჯახო ნივთებს. დაგვეხმარონ შეშით ან ვაუჩერით“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მოგვიანებით დევნილებთან მივიდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენელობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, რომელიც სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

ჩიკვაიძის განმარტებით, უწყებამ დევნილებს ადგილობრივი მთავრობასთან უშუამდგომლა, რომელიც, თავის მხრივ, შეშით მოამარაგებს.

დევნილების განცხადებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმებს, მათ შორის შიმშილობას მიმართავენ.
Print