რეგიონი
"ზუგდიდდასაუფთავების" უფროსი: "თითო უპატრონო ძაღლი ყველამ წავიყვანოთ სახლში" (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის ააიპ "ზუგდიდდასუფთავება" უპატრონო ძაღლების თავშესაფარში დროებით გადაყვანაზე ტენდერს ხელახლა გამოაცხადებს.

ამის შესახებ "ზუგდიდდასუფთავების" დირექტორმა ნუგზარ მოლაშხიამ ააპი-ის მუშაობის ანაგარიშის წარდგენისას განაცხადა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ბოლო ტენდერი ხარვეზებით იყო გამოცხადებული და არც ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.

"ჩვენ შევისწავლეთ დასავლეთ საქართველოში არსებული ძაღლების თავშესაფრები. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ბათუმშია. როცა გამოვაცხადებთ ტენდერს, ფასს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ", - აღნიშნა მოლაშხიამ.
ამასთან, ის გამოვიდა ინიციატივით, მოქალაქეებმა საკუთარ სახლში წაიყვანონ თითო უპატრონო ძაღლი.

"ყველას გვყავს ძაღლი და იმ ჩვენს ძაღლებთან წავიყვანოთ", - დასძინა "ზუგდიდდასუფთავების" დირექტორმა.

ცნობისთვის, უპატრონო ძაღლების თავშესაფარში დროებით გადაყვანაზე და შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე "ზუგდიდდასაუფთავების" მიერ გამოცხადებულ ტენდერში ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძემ გაიმარჯვა. აღნიშნული ცხოველთა მოყვარულებმა გააპროტესტეს. მათი მტკიცებით, ოზურგეთის თავშესაფარში ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან.
Print