რეგიონი
"ფოტო სინთეზი – 2016"-ის რეგიონული ფოტოგამოფენა ბათუმიდან დაიწყება
სასკოლო კონკურს "ფოტო სინთეზის" რეგიონულ ტურებს დღეს ბათუმის ფოტოგამოფენა  მასპინძლობს. გამოფენაში აჭარისა და გურიის 26 სკოლა  მონაწილეობს.

ხვალ ფოტოგამოფენა გაიმართება ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისათვის. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საავტორო ნამუშევრები და სტენდები აფხაზეთის 8 და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული 5 სკოლიდან, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 38 სკოლიდან.

კონკურსის თემაა – "საქართველოს ფაუნა - ფოტოგრაფია ნადირობის წინააღმდეგ" და მასში მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2015 წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე გაიარეს რეგისტრაცია ვებგვერდზე: forestry.cenn.org და ატვირთეს საკონკურსო ნამუშევარი/ნამუშევრები.

რეგიონული ტურები გაიმართება  საქართველოს 5 ქალაქში – ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი და თბილისი. გამარჯვებულები კი მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით, ეროვნულ ტურში, სადაც გამოვლინდებიან ნიკო კეცხოველის სახელობის პირველი, მეორე და მესამე პრემიის ლაურეატები.

რეგიონულ ტურში ასევე გამოვლინდება სასკოლო სტენდების კონკურსის თითო გამარჯვებული სტენდისთვის გადაღებული ფოტოების, ან სტენდის შესახებ მომზადებული პრეზენტაციის მიხედვით.

Print