რეგიონი
ზუგდიდის თეატრის შენობის გადარჩენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო  დრამატული თეატრის გადარჩენის მოთხოვნით პეტიცია მომზადდა და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. შეიქმნა შესაბამისი გვერდიც, სადაც აღნიშნულია, რომ თეატრი დანგრევის პირასაა და მდგომარეობა დღითი-დღე უფრო მძიმე ხდება.

ინიციატივა მოქალაქე როსტომ ზარანდიას ეკუთვნის.

„ზუგდიდის თეატრს სულ მალე 150 წელი უსრულდება, 1943-1946 წლებში აშენებული შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა კი დანგრევის პირასაა!
ავარიულ შენობაში რამდენიმე ადგილას ჩამონგრეულია ჭერი, დაზიანებულია სახურავი, ინგრევა სარეპეტიციო ოთახებიც, ყოველდღიურად ჩნდება ახალი ბზარები და მდგომარეობა დღითი-დღე სულ უფრო მეტად მძიმდება!
2016 წლის იანვრიდან თეატრის ადმინისტრაციამ მაყურებლების და მსახიობების უსაფრთხოების მიზეზით სპექტაკლების გამართვა შეწყვიტა!
ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს!

ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელისმომწერნი, მოვითხოვთ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისაგან, შენობის აღდენითი/სარემონტო სამუშაოების უახლოეს მომავალში დაწყებას, - თეატრს უნდა ჩაუტარდეს სრულყოფილი რემონტი, აღიჭურვოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რათა ქალაქი თეატრის 150 წლის იუბილეს განახლებულ შენობაში შეხვდეს.

მოვითხოვთ, რომ ზუგდიდის თვითმმართველობამ შეუნარჩუნოს ჩვენს ქალაქს თეატრის შენობა და უახლოეს მომავალში უზრუნველყოს მისი დროული რეაბილიტაცია!
შემოგვიერთდით! ერთად გადავარჩინოთ ზუგდიდის თეატრი!“- ვკითხულობთ პეტიციაში.

ამჯერად პეტიციას 36 ხელმომწერი ჰყავს.


იხილეთ პეტიცია
Print