ახალი ამბები
ანა წითლიძე ვიცე-მერის განცხადებას გამოეხმაურა (ვიდეო)
"ნაცონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ვიცე-მერის გია გულორდავას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. მან ბრიფინგი მუშებთან ერთად გამართა და პარლამენტარის, ნუგზარ წიკლაურის მიერ გია გულორდავას მიმართ გამოთქმული ბრალდებები დაადასტურა.

წითლიძის განცხადებით, გია გულორდავა ქალაქში ტროტუარის მოპირკეთების სამუაშაოებზე დასაქმებულ მუშებს ოთხი დღის განმავლობაში საკუთარ სახლში ნამდვილად ამუშავებდა, ხოლო მათთვის ხელფასების გადახდა კომპანია "ამი2014"-ს დააკისრა.

"გულორდავა ასევე გარეულია ფინანსურ მაქინაციებში, რამაც "ამი2014"-ს გაკოტრება გამოიწვია, შესაბამისად კომპანიამ მუშებს თანხა ვერ გადაუხადა"- აღნიშნა მან.

ზუგდიდის ვიცე- მერი გია გულორდავა ოპოზიციური პარტიის წევრის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია, თუმცა ის ადასტურებს ფაქტს, რომ მას სახლში, რამდენიმე დღის განმავლობაში მუშები ნამდვილად ჰყავდა.

"იმ პერიოდში ის მუშები, რომლებიც ჩემს სახლში მუშაობდნენ ქალაქში ფილებს არ აგებდნენ, ეს გაცილებით ადრე ხდებოდა. განხორციელებულ სამუშაოებზე თანხა კი მათ ხელმძღვანელს გადავუხადე", - აღნიშნა გია გულორდავამ.

ცნობისთვის, ვიცე-მერმა გია გულორდავამ გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურისგან ცილისწამებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვდა.
Print