რეგიონი
ახალსოფლის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მცხოვრებლები საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, სოფლის ცენტრში არსებული დევნილთა კომპაქტური დასახლებიდან ფეკალური მასები საკანალიზაციო ჭას არ უერთდება და პირდაპირ სანიაღვრე არხში ჩაედინება. აქციის მონაწილეების განმარტებით, მათ არაერთხელ განაცხადეს არსებული სიტუაციის შესახებ, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

"ჩვენი თხოვნა არავინ არ გაითვალისწინა, უკიდურეს მდგომარეობაში ვართ, ანტისანიტარიაა, იწამლებიან ბავშვები. მოვითხოვთ ამ პრობლემის მოგვარებას",- განაცხადა ახალსოფლის მკვიდრმა მანანა შოთაძემ.

აქციის მონაწილეებთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ, ისინი ადგილობრივებს გაესაუბრნენ და საკითხის საკრებულოში განხილვას დაპირდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მაია ღურწკაის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის შესახებ, შედგენილია პროექტი, არის მისი განხორციელებისთვის საჭირო თანხა და ამ დროისათვის მიმდინარეობს იმ კომპანიის მოძიება, რომელიც სამუშაოებს სრულყოფილად შეასრულებს.

Print