რეგიონი
შპს "დაგი": ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში დაბინძურებული წყლის დონეს ვიკვლევთ
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში ჭაბურღილის წყლის დაბინძურების დონეს ლაბორატორიაში ისევ გამოიკვლევენ. ამჯერად, წყლის სინჯები დევნილების კორპუსების მშენებარე კომპანიამ "დაგი" აიღო. მათი ცნობით, პასუხი 3 მაისს გახდება ცნობილი.

"ამის შემდეგ გვეცოდინება, რა იწვევს წყლის დაბინძურებას და საერთოდ, ვარგა თუ არა აღნიშნული ჭაბურღილი. თუ ჭაბურღილი უვარგისი აღმოჩნდა, "დაგი"იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას დევნილების წინაშე და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭირო იქნება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად", - აცხადებენ კომპანიაში.

მანამდე, წყლის მიკრობიოლოგიური კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ ჩაატარა, პირველ შემთხვევაში, პასუხი უარყოფითი იყო, მეორე შემთხვევაში - წყალი სასმელად ვარგისი აღმოჩნდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში წყალი ისევ დაბინძურდა.

დაახლოებით სამი კვირის წინ, დევნილთა დასახლებაში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, დანარჩენები მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობენ.

Print