რეგიონი
შპს "დაგი" დევნილთა დასახლებაში არსებული ჭაბურღილის შესახებ
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში ჭაბურღილის წყლის დაბინძურების დონეს ისევ გამოიკვლევენ. ამჯერად, სინჯები ლაბორატორიის წარმომადგენლებმა აიღეს. პირველადი კვლევის შედეგად, რომელიც კორპუსების მშენებარე კომპანიამ "დაგი" აიღო, აჩვენა, რომ წყალი გაქლორვას საჭიროებს.

"უფრო ღრმა და დეტალური კვლევისთვის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა თავად მოითხოვეს წყლის სინჯების აღება. ანალიზის პასუხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი და დაზუსტდება საჭირო იქნება თუ არა ახალი ჭაბურღილის გათხრა", - აცხადებენ კომპანიაში.

მანამდე, წყლის მიკრობიოლოგიური კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ ჩაატარა. პირველ ჯერზე უარყოფითი პასუხი დადგინდა, ხოლო მეორეზე - წყალი სასმელად ვარგისი აღმოჩნდა. თუმცა ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში წყალი კვლავ დაბინძურდა.

ამჟამად, დევნილებს სასმელი წყლით ადგილობრივი მთავრობა ამარაგებს. დასახლებაში სპეციალური მანქანა დღეში ორჯერ მიდის.

გასულ თვეს, დევნილთა დასახლებაში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილმა კი მკურნალობა სახლის პირობებში გაიარა.


Print