რეგიონი
გიორგი კვირიკაშვილი კორცხელის ინციდენტზე: დამნაშავეები უნდა დაისაჯონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორცხელში მომხდარ ინციდენტს მიუღებელს უწოდებს.
მისი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან მომავალში უფრო მეტი მობილიზაცია იქნება საჭირო, რათა მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს. "ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავშალოთ ფურცელი, როდესაც არჩევნები ტარდებოდა ძალადობით.

მუშტი-კრივით არ უნდა გადაწყდეს, ვინ უნდა აირჩიოს მოსახლეობამ ქვეყნის სამართავად. ეს ინციდენტი უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ", - განაცხადა მან აღნიშნული საკითხის კომენტარებისას. გუშინ, 22 მაისს კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. 53-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს 10-მდე სპორტული აღნაგობის მამაკაცი, რომლებიც უბნის სიახლოვეს დილიდან იმყოფებოდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზიანებები ათეულობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის, გიგა ბოკერიამ, ლაშა დამენიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ და სხვ.
Print