რეგიონი
"ჩვენ გვინდა სუფთა წყალი" - აქცია დევნილთა დასახლებაში (ვიდეო)

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ახალ დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა

სასმელ წყლთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

ხმაური სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს მოჰყვა, რის მიხედვითაც დასახლებაში არსებული ჭაბურღილი ფეკალური მასით არ არის დაბინძურებული. თუმცა, ამავე დასკვნაში წერია, რომ მცირეოდენი ჰიგიენური გადამეტება, რომელიც ფიქსირდება, დაუქლორავი წყლისთვისაა დამახასიათებელი და შესაძლოა ზედაპირული წყლებით იყოს გამოწვეული. 

დევნილები ახალი ჭის გათხრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ არსებული ჭაბურღილის წყალს არ გამოიყენებენ. ადგილზე დევნილთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მოსახლეობას ე.წ წვეთოვანისა და ფილტრის დაყენება შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.

მხარეებმა საინიციატივო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც არსებულ პრობლემას კიდევ ერთხელ განიხილავს და მოთხოვნებს სამშენებლო კომპანია "დაგის" გააცნობს.

სამხარაულის ექსპერტიზამდე, წყლის მიკრობიოლოგიური კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ ჩაატარა. პირველ ჯერზე პასუხი დადებითი იყო, ხოლო მეორეზე - წყალი სასმელად ვარგისი აღმოჩნდა.

თუმცა, დევნილები კვლავ ეჭვობენ, რომ წყალი დაბინძურებულია, რადგან სხეულზე გამონაყარი აღენიშნებათ.

ამჟამად, მათ სასმელი წყლით ადგილობრივი თვითმმართველობა ამარაგებს. დასახლებაში სპეციალური მანქანა დღეში ორჯერ მიდის.

გასულ თვეს, დევნილთა დასახლებაში ნაწლავური ინფექცია გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სასმელი წყლის დაბინძურებამ გამოიწვია. ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილმა კი მკურნალობა სახლის პირობებში გაიარა.

 

Print