რეგიონი
ელჩებს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელებულ პროექტებს და რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნენ. "დიპლომატიურ ტურში" , რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს, ორმოცამდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი იღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიმართეს, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ მიაწოდა. შეხვედრა ანაკლიაში გაიმართა.

დღეს, 29 მაისს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას და "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მოქმედ საწარმოს დაათვალიერებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ერთად ორდღიანი "დიპლომატიური ტური 2016-ის" თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, "საპარტნიორო ფონდი" და საქართველოს რკინიგზა.

Print