რეგიონი
"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ოფისი კორცხელის ინციდენტს ეხმაურება
"თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის ორგანიზაცია კორცხელში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს. "დემოკრატები" მომხდარს მიუღებელს უწოდებენ და პასუხისმგებლობას, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ.

"ის, რაც მოხდა კორცხელში არის შეურაცხყოფა იმ კუთხის, ქალაქის და სოფლის, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ეს არის სამარცხვინო. ზუგდიდშიც და სამეგრელოშიც არსებობს საკმარისი შეგნება, პოლიტიკური განსჯაც და აზრიც, რომ თავისუფლად მივიღოთ გადაწყვეტილებები და აიღოთ პასუხისმგებლობა. სამართალდამცავ ორგანოებშიც არიან ადამიანები, რომლებსაც გული ერევათ ყველაფერ ამაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესებს სამეგრელოშიც და მთლიანად ცენტრალურ დონეზე მართავენ ის ადამიანები, რომლებიც არ ვიცით თუ ვის ემორჩილებიან, ვინ ვის წინაშეა პასუხისმგებელი. 2012 წელს ჩვენი ბრძოლა ძალადობაზე, ზეწოლაზე, ადამიანის თავისუფლების ხელყოფაზე დაგვირგვინდა გამარჯვებით. საქართველოს საზოგადოებამ სწორედ ამ უსამართლობას უთხრა უარი და წინა გუნდი გაუშვა ხელისუფლებიდან. ახლა რაღაც დაჯგუფება საქართველოს სთავაზობს უკან, წარსულში დაბრუნებას. ჩვენ არ გვიბრძოლია იმისთვის, რომ წარსული განმეორდეს. ყველას ვალია ვიბრძოლოთ ნორმალური საარჩევნო კულტურის დასამკვიდრებლად",- ნათქვამია განცხადებაში.

22 მაისს, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების დროს, სპორტსმენებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს და მათ შორის ახალგაზრდებს სცემეს. დაპირისპირებაში მონაწილე ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

Print