რეგიონი
აშშ-ს ელჩი სამეგრელოზე - მოხიბლული ვარ ამ რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობებით (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შონიამ  ელჩს რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურლი პროექტები გააცნო. მან ასევე დიპლომატს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული მდგომარეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

იან კელის განცხადებით, რეგიონში ეკონომიკის და განათლების სფეროს განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავენ.

"ეს გახლავთ ჩემი მეორე ვიზიტი სამეგრელოს რეგიონში. მოხიბლული ვარ იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც ამ რეგიონს გააჩნია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. დავსახეთ სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ვისაუბრეთ ხელოვნური საზღვრის გასწვრივ არსებულ სიტუაციაზე და იმ სამწუხარო ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა, საუბარია ნაბაკევის ინციდენტზე. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა გუბერნატორთან გამართული შეხვედრის შემდეგ დიპლომატმა.

მხარის გუბერნატორის ინფორმაციით, კელი განსაკუთრებით რუხი მოლით და ამავე სოფელში მშენებარე საავადმყოფოთი დაინტერესდა.

" ამერიკის საელჩო მზად არის დაეხმაროს რეგიონს სოფლის მეურნეობისა და განათლების კუთხით, ამ სფეროებში გადაამზადოს რეგიონის ახალგაზრდები", - განაცხადა შონიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გუბერნატორისა და ელჩის შეხვედრას, აშშ-ის ელჩის პოლიტიკური მრჩეველი ლორა ჰოჩლა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა ესწრებოდნენ.


Print