რეგიონი
გუბერნატორზე მომზადებულ სიუჟეტში „რუსთავი 2“- მა ქარტიის პრინციპი დაარღვია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებმა აკაკი გოგიჩაიშვილმა და ნონა ქვლივიძემ, გადაცემა "ბიზნესკურიერში" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორზე სიუჟეტის მომზადებისას დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი, რაც ინფორმაციის სიზუსტის დაცვას გულისხმობს.

განმცხადებელი, გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში 2016 წლის 12 მარტს გადაცემა "ბიზნესკურიერში" გასულ სიუჟეტს "ნეპოტიზმი სამეგრელოში" და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული მასალა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.

ქარტიაში მიმდინარე წლის 15 მარტს შესული განცხადების მიხედვით, "ჟურნალისტებს აკაკი გოგიჩაიშვილს და ნონა ქვლივიძეს არ უცდიათ სიმართლის დადგენა და ენდნენ ერთ წყაროს, პოლიტიკური პარტიის წევრს, რომელიც გუბერნატორის წინააღმდეგ დაინტერესებული ფიგურაა. ამავე ინფორმაციით, მათ არ გადაამოწმეს ფაქტები, რათა ეთერში გასულიყო ზუსტი, ინფორმაცია და ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე ჟურნალისტებმა განზრახ დაამახინჯეს ფაქტები".

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტებმა დაარღვიეს ეთიკის ქარტიის მხოლოდ პირველი პრინციპი.

Print