რეგიონი
რუხის სავაჭრო ცენტრში "სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

რუხის სავაჭრო ცენტრში საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის მორიგი პრეზენტაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის გამართა.პროგრამის კოორდინატორებმა რუხის სავაჭრო ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის, მასში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საპარტიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ,მთავრობის რეფორმების 4- პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, "დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის " განხორციელება 17 ივნისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს,თუმცა უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით,პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაზარდოს.

პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის სჭირდება საწყისი დაფინანსება .

საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო" თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს) , რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 დან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით , მხოლოდ პროქტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10 % ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება , როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45 % -იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10% -ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში , პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50 % ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს.ასეთ დროს ბენეფიციარებს აღარ მოეთხოვებათ პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95 % იქნება.

განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით.

Print