რეგიონი
ზუგდიდში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნება
26 ივლისს, 12:00 სთ-ზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, მათ შორის ზუგდიდში (რუსთაველის 52), 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მედიაცენტრები გაიხსნება.

ცენტრების გახსნის ცერემონია დაიწყება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის ოფისის ხელმძღვანელის, დაგლას ბოლის ვიდეო მიმართვით.

მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებენ უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მედიაცენტრები ასევე ხელს შეუწყობენ საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

მედიცენტრები შემდეგ ფუნქციებს შეასრულებენ:

მედიაბრიფინგების ორგანიზება; სხვადასხვა კანდიდატს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება; ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (განახლებული საოლქო საზღვრები, არჩევნების ადმინისტრირების პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, სრულყოფილი სია არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების შესახებ და ა.შ.)

არჩევნების დღეს აქ ჩატარდება არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საქმიანობა: ბრიფინგები დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, ადგილობრივი ჯგუფებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის. მედიაცენტრები უზრუნველყოფენ შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას და მაღალი სიჩქარის ინტერნეტს. ცენტრში გარანტირებული იქნება უსაფრთხო და ნეიტრალური სამუშაო გარემო.

ცენტრების სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 – 19:00 სთ. არჩევნების დღეს კი გაიხსნება საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთი საათით ადრე და იმუშავებს მთელი დღის განმავლობაში. მედიაცენტრები ფუნქციონირებას განაგრძობენ 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით.

ცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.
Print