რეგიონი
ზუგდიდის გამგეობაში სოციალურ საკითხებზე იმსჯელეს (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  მრჩეველთა საბჭომ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე PIN-ის (ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში") მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტატორის, პროექტის მენეჯერის ნანა ყურაშვილის თქმით, კვლევამ მოიცვა არსებული სოციალური სერვისების მიწოდების მდგომარეობა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მოგვაწოდონ თავიანთი რეკომენდაციები და შენიშვნები მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით. ეს კი გათვალისწინებული იქნება საბოლოო ანგარიშში და  დაეხმარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკეთ დაგეგმოს სოციალური პოლიტიკა და გახადოს უფრო სისტემური,“- აღნიშნა მან.

ამ მიმართულებით კვლევების შედეგები ზუგდიდს სხვა მუნიციპალიტეტებისგან გამოარჩევს. მათ შორის: მოქალაქეების მომართვიანობა, სოციალური პროგრამების მრავალფეროვნება, სოციალურ პროგრამებზე გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისება და სახლების მშენებლობის მუნიციპალური პროგრამა. კვლევებში დადებითად შეფასდა თვითმმართველობასა და არასამთვრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა. ასევე გამოვლინდა გამოწვევები, როგორიცაა სხვადასახვა მომსახურების ნაკლებობა  და მოქალაქეების დაბალი ინფორმირებულობა მათთვის კუთვნილ სერვისებზე.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ის ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში. 




Print