რეგიონი
"ენმ": მერიის ტრანსპორტის სამსახურმა საკრებულოს წევრები შეცდომაში შეიყვანა (ვიდეო)

ქალაქ ზუგდიდის  საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათლომე შელიამ ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის დავით ხუბუას გადადგომა მოითხოვა.

მისი თქმით, აღნიშნული სამსახურის უფროსმა საკრებულოს წევრები შეცდომაში შეიყვანა და ავტომობილების დგომის ამკრძალავი ნიშანი იმ ტერიტორიაზე განათავსებინა, რომელიც მერიის ბალანსზე არ იყო. ბათუკა შელიამ ზუგდიდის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანლი  სატრანსპორტო კომპანია "მეტრო პლიუსის" ლობირებაში დაადანაშაულა და მისი ბოლო ორ წლიანი მუშაობა შეაფასა. 

„ეს არის ბიზნესის შევიწროებისკენ მიმართული, იმ ბიზნესის შევიწროვებისკენ, სადაც ბატონ ხუბუას ეგულება თავისი ძველი წილები, რომელიც ჰქონდა 2003 წლამდე. დღეს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი დაკავბულია კონკრეტული ბიზნესის შევიწროვებით დაიბრუნოს საკუთარი ბიზნეს წილები, ეს არის სამარცხვინო ფაქტი,“- აღნიშნა მან.

ბათლომე შელიას ბრალდებებს დავით ხუბუა პასუხობს და აცხადებს, რომ რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შესაბამისი საგზაო ნიშნის განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დარეგულირების მიზნით მოხდა. ტერიტორია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მიზანმიმართულ პროვოკაციას და ცილისწამებას უწოდებს ხუბუა, როგორც თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მძღოლების შევიწროებასა და ,,მეტრო პლუსის" ლობირების ბრალდებებს.

"რაც შეეხება პარკირებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების განთავსების საკითხს, გეგმაზომიერად, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს",-დასძენს იგი.



Print