რეგიონი
დევნილთა ინფორმირების კამპანიაში ჩართულ მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ (ვიდეო)
ზუგდიდში დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 80 მოხალისეს სერტიფიკატები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა დაგლას ბოლმა, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გადასცეს.

სახელმწიფო პროგრამის შესახებ საინფორმაციო კამპანია, რომელშიც 160 მოხალისე ჩაერთო, სააგენტომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დაიწყო. ოთხმოცი მოხალისე, კარდაკარის პრინციპით, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში იძულებით გადაადგილებულ პირებს, სულ 3000 ოჯახს, ესტუმრა და  საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

საინფორმაციო კამპანია დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის "ZRDA" ფარგლებში განხორციელდა. ხუთწლიანი პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში.
Print