რეგიონი
გიზო სართანია: დავტოვე „ქართული ოცნება“, რომელიც დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“ (ვიდეო)
ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გიზო სართანიამ პარტია "ქართული ოცნება" დატოვა და "პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა. ამის შესახებ მან ოფიციალური განცხადება, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, მან „ქართული ოცნება“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციის გამო დატოვა. გიზო სართანიას განმარტებით, მისი უკმაყოფილება გუნდში სწორედ "ნაც. მოძრაობის" აქტივისტების თანამდებობებზე დანიშვნამ გამოიწვია.

„ჩემთვის რაც მიუღებელი იყო, ხმამაღლა ვამბობდი, ალბათ, ეს იყო მიზეზი, რის გამოც ზურგში მახვილს მიღერებდნენ, თუმცა, არ დავბოღმილვარ. ჩემი კაბინეტის კარი ყოველთვის ღია იყო ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ დასახმარებლად ყოველთვის მზად ვიყავი. საბოლოო წვეთი ჩემთვის კორცხელში კანდიდატად ყოფილი ნაციონალის დანიშვნა იყო, რომელიც დღესაც ნაციონალია. კორცხელში განცდილი მარცხის შემდეგ იმედი მქონდა, რომ გამოსწორდებოდნენ, თუმცა, მწარედ შევცდი. დავტოვე "ქართული ოცნება", რომელიც საბოლოოდ დაემსგავსა "ნაციონალურ მოძრაობას" და ავირჩიე "პატრიოტთა ალიანსი", პოლიტიკური ძალა, რომელიც უკომპრომისოდ იბრძვის სამართლიანობისთვის და არასოდეს შევა კოჰაბიტაციაში სააკაშვილის ნარჩენებთან“, - განაცხადა სართანიამ.

გიზო სართანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა.



Print