რეგიონი
"თავისუფალი დემოკრატების" ბრალდებები მერაბ ქვარაიას (ვიდეო)

"თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, ე.წ. "პრესოვკა-მახარაძის" საარჩევნო უბანზე დავით

ვერავას წარდგენისას, აღნიშნული უბნის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ უბნის ყოფილი დეპუტატი, მერაბ ქვარაია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში არცერთხელ მისულა და ამ ადამიანების პირობებით არ დაინტერესებულა.

ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ აქ მცხოვრებ მოსახლეობას რეალურად რისკის ქვეშ უწევს ცხოვრება, რადგან შენობა მთლიანად ამორტიზებულია. მისივე მტკიცებით, ქალაქის ბიუჯეტს საკმარისი რესურსები გააჩნია საიმისოდ, რომ მსგავსი სახლების რეაბილიტაცია ადრეც მომხდარიყო. მან აღნიშნულის დასადასტურებლად ჟურნალისტებს რამდენიმე გამარტივებული შესყიდვის მაგალითი უჩვენა და დასძინა, რომ ამ შემთხვევებში ტენდერის ჩატარება ათასობით ლარის ეკონომიას მისცემდა ბიუჯეტს.

"მსგავსი პრაქტიკა კორუფციის რისკებს ქმნის და ეს არ არის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებები. ეს არის შეფასებები, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ. რაც შეეხება მერაბ ქვარაიას, დღეს მას სურს წარმოადგენდეს პარლამენტში- ზუგდიდს, მაშინ, როდესაც ის მოქალაქეების პრობლემებს საკუთარ საარჩევნო ოლქში ვერ აქცევდა ადეკვატურ ყურადღებას", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ უპასუხა. ის ბრალდებებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და ამბობს, რომ თუ ჩიქოვანს სამართალდარღვევის კონკრეტული ფაქტები გააჩნია, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს.

ცნობისთვის, "თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს ე. წ. "პრესოვკა-მახარაძის" საარჩევნო უბანზე დავით ვერავას კანდიდატურა წარდგინეს.

 

 


 

Print