რეგიონი
ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში გავრცელებულ მავნებლებზე ბრიფინგი გამართა (ვიდეო)
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თხილის მავნებლებზე ისაუბრა, რომელმაც მოსავლის უდიდესი ნაწილი გაანადგურა. ის ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მავნებლების წინააღმდეგ სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

"ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული სტრატეგია თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებლებს. თუ ახლა ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, მომავალ წელს შედეგები უფრო სავალალო იქნება", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფლის მეურნეობის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს მიმართავს და არსებული პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წელს თხილის მცირე მოსავალი მოვიდა. სპეციალისტები ამის მიზეზად სოკოვან დაავადებებს და სხვადასხვა მავნებლების გავრცელებას ასახელებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწოდეს. მათივე ინფორმაციით, ამ საკითხზე სამინისტრო უკვე მუშაობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სამმართველოში კი რადიო "ათინათის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

Print