რეგიონი
79 წლის ციალა ჯოჯუამ შიმშილობა შეწყვიტა (ვიდეო)

ზუგდიდის მერიის წინ მწოლიარე 79 წლის ციალა ჯოჯუა, ფართის დაკანონებისა და სარემონტო სამუშაოების დასრულების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას აგრძელებს. მან შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მოთხოვნების შესრულებამდე, ადგილზე რჩება.

ციალა ჯოჯუა მერიას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ ხნის განმავლობაში მისი პრობლემით მხოლოდ ვიცე - მერი გია გულორდავა დაინტერესდა.

"ერთადერთი, ვინც მოვიდა, იყო გია გულორდავა, რომელმაც გვითხრა, რომ ყველაფერს გაგვიკეთებდა, მაგრამ მის მერე არ ჩანს", - განაცხადა ჯოჯუამ.

თავის მხრივ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მაია ღუბელაძის თქმით, საცხოვრებელი ფართის დაკანონება მერიის კომპეტენციაში არ შედის.

"ვიცე - მერმა გია გულორდავამ მოქალაქეს 40 კვმ ფართის რემონტი შესთავაზა. ამჟამად მზადაა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. რემონტი, წინასწარი გათვლით, ახალ წლამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მოქალაქემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა", - აღნიშნა მაია ღუბელაძემ.

ციალა ჯოჯუა საცხოვრებელი ფართის დაკანონებისა და შეკეთების მოთხოვნით პერმანენტულად მართავდა აქციებს.


Print