რეგიონი
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა (ვიდეო)
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ სოფელ უჩაშონას გამგებლის ცემაში ბრალდებულ ნიკა ჭურღულიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდას გულისხმობს, გააპროტესტეს. მათი თქმით, მოსამართლემ არაობიექტურად იმსჯელა და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს არ არის ერთი ნიკა ჭურღულიას მიმართ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილება, ეს არის გზავნილი საზოგადოებისადმი, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში არ იყოს განსხვავებული აზრი და ადამიანებს არ შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოხატვა", - აღნიშნა "ენმ"-ის ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა ჭოხონელიძემ.

ცნობისთვის, სოფელ უჩაშონას გამგებლის ბეჟან ჭურღულიასა და ნიკა ჭურღულიას შორის ინციდენტი 16 სექტემბერს მოხდა. ნიკა ჭურღულიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს. სოფლის გამგებლის მტკიცებით, მას სცემეს, რასაც ბრალდებული უარყოფს და აცხადებს, რომ მათ შორის მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. "ენმ"-ის წევრების მტკიცებით, აღნიშნულის მიზეზი პოლიტიკური უთანხმოება იყო.

ამავე თემაზე:

გამგებლის ცემაში ბრალდებული პოლიციამ ორჯერ დაკითხა

Print