რეგიონი
ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში ტექნოპარკი გაიხსნა (ვიდეო)
საქართველოში მეორე ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გახსნა. ტექნოპარკში წარმოდგენილი იქნება როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ტექნოპარკი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.

„700 კვ.მ. შენობა-ნაგეგობებია, გახსნილი სივრცეა, გახსნილი ცოდნისთვის, სიახლეებისთვის, ინოვაციებისთვის. ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მომსახურებები აბსოლუტურად უფასოა და შესაბამისად, მინდა, რომ ყველა მოვიდეს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, ტექნოლოგიურ პარკში ახალგაზრდები მიიღებენ ისეთ ცოდნასა და უნარებს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიოში.

ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.
Print