რეგიონი
სოხუმში დაღუპული ტერორისტი, შესაძლოა, დონეცკელი მებრძოლი იყოს
სოხუმის ცენტრში ტელევიზიასთან თვითნაკეთ მოწყობილობაზე აფეთქებული მამაკაცი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ამბოხებულთა რაზმის მებრძოლი - სერგეი ტარასენკოა. ამის შესახებ „Caucasus Times“ დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. აღნიშნული ინფორმაციით, სავარაუდო ტერორისტს, ორი თანამონაწილე ჰყავდა, ამ დროისათვის მათი ძებნა მიმდინარეობს.

დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ტარასენკო აფხაზეთში ოქტობრის დასაწყისში, ფსოუს გამშვები პუნქტის გავლით შევიდა.
გამოძიების ინფორმაციით, აფეთქება შემთხვევით განხორციელდა, ტერორისტს აღმოაჩნდა რაცია და რუკა, რომელზეც „სახელმწიფო დაწესებულებების ადგილმდებარეობა იყო მონიშნული“. მისი ქმედებების შესაძლო მოტივები, ჯერჯერობით, დაუდგენელია.

დე ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრი არ ადასტურებს ცნობას იმის შესახებ, თითქოს დაღუპული მამაკაცი უკრაინის მოქალაქე ალექსეი ტარასენკოა და ინფორმაციას „თითიდან გამოწოვილს“ უწოდებს. ასლან კობახიას განცხადებით, პრესა „მხოლოდ ოსიფიალური სტრუქტურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას უნდა დაეყრდნოს და არა „ანონიმურ“ წყაროებს.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს, სოხუმის ტელევიზიის შენობის ტერიტორიაზე, მოსკოვის დროით 07:05 სთ-ზე, აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა მამაკაცი. ადგილზე აღმოჩენილ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა. მომხდართან დაკავშირებით, დე ფაქტო აფხაზეთის შსს-მ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით, ტერორიზმისა და იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, აღძრა.



Print