რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა 2016 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში საზოგადოებას წარუდგინეს.

მერმა ირაკლი გოგოხიამ დადებითად შეაფასა 9 თვის განმავლობაში გაწეული მუშაობა.

მან აღნიშნა, რომ 2014 წელთან შედარებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაზრდილია, 2014 წელს ის 16 მილიონი ლარს შეადგენდა, ხოლო 2016-ში  29 მილიონი ლარია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრის ბათლომე შელიას შენიშვნაზე კომბინატის დასახლებაში არსებული წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით, მერმა განაცხადა, რომ წლევანდელი წლის პრიორიტეტი სწორედ კომბინატი იყო და წყლის მომარაგების პროექტი უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, წყლის და კანალიზაციის პრობლემა 2018 წლამდე არა მხოლოდ ამ უბანში, არამედ ზუგდიდში მთლიანად უნდა მოგვარდეს.

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდში" არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრს ანა წითლიძეს. მისი ინფორმაციით, გუნდში ორი თვის ხელფასებია გაუცემელი. ქალაქის მერის განცხადებით, კლუბს ხელფასების ნაწილი დაერიცხება, გარდა ამისა, საკუთარი სავარჯიშო მოედანიც ექნება.

მომავალი წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად მერმა სკოლამდელი განათლების პროგრამა დაასახელა. მან აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღებს დაფინანსება უნდა გაეზარდოს.



Print