რეგიონი
ალექსანდრე ჯეჯელავა ზუგდიდში შეხვედრებს მართავს (ვიდეო)
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მე-2 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საბაზო საფეხურის 11 ათოსანი მოსწავლე დააჯილდოვა და მათ ლეპტოპები გადასცა. ჯეჯელავა მასწავლებლებს გაესაუბრა და სკოლაში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილა.

"ვცდილობთ, პირველ პირში ვიცოდეთ ის სირთულეები, რაც აქვს სკოლას, იმისთვის, რომ განვითარების მიმართულებები სწორად დავგეგმოთ. ამასთან, ძალიან კარგია, რომ წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების პროგრამა არსებობს. მომავალში ვგეგმავთ, გავამრავალფეროვნოთ ეს პროგრამა. მათ ამ ასაკშივე უნდა დაუფასდეთ შრომა, რათა მომავალში კიდევ უფრო მოტივირებულები იყონ", - აღნიშნა ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, განათლების სისტემა წინ მიიწევს და თუ ადრე უმთავრესი ინფრასტრუქტურული პრობლემები იყო, ახლა მეტად მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მხარეა. მანვე მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. რაც შეეხება მეორე სკოლას, მან ზედა საფეხურის კლასების მეტი აქტივობას საჭიროებასა და მოტივირებულობაზე ისაუბრა.

მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბულიამ განაცხადა, რომ მინისტრისგან სკოლა მხარდაჭერას გრძნობს და იმედოვნებს, რომ ის საკითხები, რომლებიც პედაგოგებმა დასახეს, აუცილებლად მოგვარდება.

ალექსანდრე ჯეჯელავა ასევე პირველ, რუხის საჯარო და "ჯიჯი"-ს სკოლებში გამართავს შეხვედრებს. ის დღესვე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტში რექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრება. მოგვიანებით კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წარჩინებულ მოსწავლეებს დააჯილდოებს. 

Print