რეგიონი
რუსი ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი „დეპუტატი“ გაუჩინარდა
რუსი ბიზნესმენისა და მისი თანაშემწის მკვლელობაში ბრალდებული „დეპუტატი“ ნოდიკ კვიცინია დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ს მიერ იძებნება. მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ნოდიკ კვიცინიას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბრალდებული სასამართლოს დარბაზში არ დაუკავებიათ, რადგან, ოფიციალური ვერსიით, ის ამ მომენტისთვის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ასევე, პატიმრობა მიესაჯათ მკვლელობის თანამონაწილეებს ახრა გოპიას, რამინ ხმაილს, ჯუმბერ ბიგვავას და ასლან ცვიჟბას, რომელთაც 13- დან 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია „პეტროლეუმ - აბხაზიას" გენერალური დირექტორი სერგეი კლემანტოვიჩი და მისი თანაშემწე, ოქსანა სკარედნოვა, 2012 წლის შემოდგომაზე გაუჩინარდნენ. 2013 წლის 12 ოქტომბერს კი მათი გვამები აფხაზურ სოფელ აძიუბჟაში, ჭაში აღმოაჩინეს.

კლემანტოვიჩი აფხაზეთში შავი და ფერადი მეტალების შესყიდვით და გადამუშავებით იყო დაკავებული.

გამოძიების ვერსიით, 2012 წლის 10 სექტემბერს კვიცინიამ ბისნეზმენი და მისი თანაშემწე 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გამოსასყიდის მიზნით გაიტაცა, თანხის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ კი თანამზრახველებს გატაცებულთა ლიკვიდაცია შესთავაზა.

პროცესის მსვლელობისას კვიცინიამ განაცხადა, რომ მას კლემანტოვიჩისა და სკარედნოვას მკვლელობისთვის მოტივი არ ჰქონდა, მან აღნიშნა, რომ მსჯავრდებულებმა რამინ ხმაილმა და ახრა გოპიას, მის წინააღმდეგ ჩვენებები ზეწოლის ქვეშ მისცეს.


Print