რეგიონი
ძალადობა ოჯახში თუ სახელმწიფოს გულგრილობა - რატომ მოიკლა თავი 16 წლის გოგონამ
მაშინ, როდესაც ქვეყანა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგობის კვირეულისთვის ემზადება, ზუგდიდის ცენტრში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, 16 წლის გოგონა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

მანამდე, მარიამ მორგოშიას სუიციდის მცდელობა ორჯერ ჰქონდა. მეზობლების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, გამოძახებული იყო სამართალდამცავი ორგანოები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, შემდგომში, არასრულწლოვნის მდგომარეობით სახელმწიფოს არცერთი უწყება არ დაინტერესებულა.  

გარდაცვლილს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა. მეზობლების თქმით, მარიამის დედა და მამინაცვალი, რომლებიც ზუგდიდში, ე.წ. "ბარაკებში" ცხოვრობენ, ალკოჰოლდამოკიდებულები არიან და მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან.

"უპატრონო ბავშვი იყო... სახლში მოვიდოდა, აქ აურზაური და ნასვამი ადამიანები ხვდებოდნენ და გარბოდა. ყველა ლოთი და ნარკომანი აქ იკრიბება, არანორმალური გარემო იყო, სულ კივილი, ჩხუბი და გარჩევები... ბავშვები ღამეს ქუჩაში, ტექნიკუმის ყოფილ შენობაში (კოლეჯის ყოფილ შენობაში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ავტ.) ან ინტერნეტ კაფეებში ათევდნენ. მარიკა რთული ხასიათის იყო, თავისებური, მაგრამ ეს გიკვირთ? აქ არავინ მოდიოდა, არც სოციალური მუშაკები, არც პოლიცია... ყველამ ყველაფერი იცოდა", - ჰყვება გარდაცვლილის მამინაცვლის და ირინა კრავჩენკო.

მისივე თქმით, მარიამი მშობლების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ოჯახში გამუდმებით შეხლა-შემოხლა და კამათი იყო.

"დედასთან ერთი ასეთი ჩხუბის შემდეგ, ის მდინარეში გადახტა და მუცელი მოეშალა, ტყუპები ჰყოლია... გამოძახებული იყო პოლიცია, სასწრაფო. ცალკე თემაა მისი გათხოვების ამბავი. ქმარს მალევე დაშორდა, მიზეზები არ ვიცი, თუმცა, რა მიზეზი გინდა, როდესაც 15 წლის ბავშვი თხოვდება. რატომ არავინ დაინტერესდა, როგორ ცხოვრობდნენ ეს ბავშვები, თუ ამას ცხოვრება ჰქვია?!..." - აღნიშნა კრავჩენკომ.

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევის ღამეს მარიამი მშობლებს ეჩხუბა. გოგონა მათგან სოციალური შემწეობის თანხიდან საკუთარ წილს ითხოვდა.

"ვნახე, როგორ ათრია თმებით მარიამი მისმა მამინაცვალმა დერეფანში. დედაც იქვე იყო... როგორც გავარკვიეთ, ფული უნდოდა. თავისი და-ძმის ფულს ითხოვდა, რომელიც სოციალური შემწეობის სახით ეძლევათ. არ მისცეს და წავიდა...მეორე დილით გავიგეთ ის, რაც მოხდა", - ამბობს მეზობელი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

კოლეჯის შენობაში ჩასახლებული დევნილები ამბობენ, რომ მარიამი და მისი არსრულწლოვანი ძმა, ძირითადად, კოლეჯის შენობაში ცხოვრობდნენ. მათივე თქმით, შემთხვევის ღამესაც, მარიამის ძმა ამ შენობიდან წაიყვანეს და გოგონა ოთახში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.
"მარიამმა თვითმკვლელობა აქ, ჩვენს ეზოშიც სცადა. მაშინ უმცროსმა დამ ნახა... იგი ჩვენმა ბიჭებმა გადაარჩინეს", - ამბობენ კოლეჯის შენობაში ჩასახლებული დევნილები.

მეზობლებისა და ახლობლების თქმით, ახლა მთავარი საზრუნავი გარდაცვლილი მოზარდის და-ძმის ბედია.

ოჯახში კამათს და შემთხვევის ღამეს გერის ცემის ფაქტს არ უარყოფს ვოვა კრავჩენკო. მან რადიო "ათინათთან" საუბარისას თქვა, რომ მარიამს თბილისში, მეგობართან უნდოდა გამგზავრება და მისგან ფულს ითხოვდა.

"ხშირად გვაყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას... არ მინდოდა თავის ჭკუაზე ევლო. ორჯერ უნდოდა თავის მოკვლა, მე ყველაფერს ვაკეთებდი მათთვის (ბავშვებისთვის. ავტ.) არავის არ უნდოდა ეს ბავშვები, რას შვრებოდნენ ნათესავები? არავის ვჭირდებოდით, სიმართლე ეს არის. არ მეგონა, რომ თავს მოიკლავდა, გული მტკივა... მაგრამ ჩემი ბრალი არაფერია. ჩემი ბრალი აქ არაფერია... არ ვარ დამნაშავე...", - ამბობს ვოვა კრავჩენკო.

მარიამ მორგოშია ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლაში სწავლობდა. დირექტორის ელისო ჩიკვატიას თქმით, მან სკოლაში სწავლა 2013 წელს შეწყვიტა და ამის შესახებ შესაბამისი სამსახურები დააუწყა.

"სკოლაში სწავლა რომ შეწყვიტა, მაშინვე ვაცნობე განათლების სამინისტროს. ასევე, ინფორმაცია მივაწოდე სოციალურ მუშაკებს და პოლიციას, ყველა დაუწყებული მყავდა", - თქვა ელისო ჩიკვატიამ.

თავის მხრივ, ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ სოციალური მუშაკები მორგოშიების უმცროს ბავშვებთან მუშაობდნენ, ხოლო მარიამთან მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ სატელეფონო კავშირი.

სოციალური მუშაკი ნათია ნიგურიანი მეზობლებისა და ახლობლების გულგრილობასა და უყურადღებობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის მორგოშიებთან ხშირად იმყოფებოდა. მისივე თქმით, მას არასდროს შეუმჩნევია, რომ

გარდაცვლილის დედა ალკოჰოლზე დამოკიდებულია.

"2016 წლის მარტის თვიდან ჩავერთეთ, სკოლიდან სიგნალის მიღების შემდეგ. უმცროსების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია, არ იყო ნახსენები მარიკა. განვახორციელე ვიზიტი მათთან და გამოიკვეთა, რომ იყო მესამე ბავშვიც... როგორც მითხრეს, ის ცხოვრობდა დეიდასთან და რამდენჯერაც მივედი, დედასთან არ იმყოფებოდა. მარტის თვის შემდეგ ყოველთვიურად ვახორციელებდი ვიზიტებს. ქალბატონი ირმა (მოზარდი გოგონას დედა) სხვანაირი მანერებით გამოირჩეოდა, მაგრამ სუნი არ ჰქონდა ალკოჰოლის... მარიამის გათხოვებაზე და სუიციდის მცდელობებზე არაფერი ვიცოდით, ეს ჩვენთვის არავის უთქვამს. მსგავს ფაქტებს ადგილი რომ ჰქონოდა, პოლიცია და სამედიცინო დაწესებულებაც ჩაგვრთავდა და აუცილებლად შეგვატყობინებდა", - ამბობს ნათია ნიგურიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია და საქმის მსვლელობის პროცესში, თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებენ.

მარიამ მორგოშია 1-12 ნოემბერს ზუგდიდის სპორტის სასახლეში "ცოტნე დადიანის თასზე" ჩატარებულ ძიუდოს რესპუბლიკურ ტურნირში მეორე ადგილის მფლობელი გახდა. მისი მწვრთნელი მერაბ ჯიქია ამბობს, რომ მარიამი პერსპექტიული ახალგაზრდა იყო და მას დიდი წარმატება ელოდა.


სოფო ხუბულავა
სალომე ფარცვანია


Print