პოლიტიკა
ზუგდიდის გამგეობის მიერ გათავისუფლებული ერთ-ერთი თანამშრომელი სასამართლოში ჩივილს აპირებს
ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განცხადებით, გამგეობიდან 28 თანამშრომელი, ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად, სამსახურიდან დაითხოვეს.

ტესტირებას ატარებდა სპეციალური კომისია, რომელმაც დადო დასკვნა, რომ 28 თანამშრომელი, მათ შორის გამგებლის 11 წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულებში, არ შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობას,'' - განუცხადა რადიო “ათინათს'' თენგიზ შანავამ.

მისი ინფორმაციით, ატესტაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ექვსმა თანამშრომელმა მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინა.

გათავისუფლებული თანამშრომლებიდან ერთ-ერთის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაია ღურწკაიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზუგდიდის სასამართლოში გეგმავს და თუ საჭირო გახდება სტრასბურგსაც მიმართავს.

მისივე თქმით, გათავისუფლების მიზეზი პოლიტიკური მოტივია.

როგორც შანავა განმარტავს, ყველა თანამშრომელს მიუვიდა გაფრთხილების ფურცელი, ერთი თვის განმავლობაში ისინი რჩებიან დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ერთი თვის შემდეგ გათავისუფლდებიან.

აღნიშნული ტესტირება 18-19 ნოემბერს გამგეობაში ჩატარდა.


Print