რეგიონი
რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები შეთანხმდნენ
სოხუმში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საზოგადოებრივ - პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ დოკუმენტი გაფორმდა. მას ხელი რაულ ხაჯიმბამ, პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ და ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა ასლან ბჟანიამ მოაწერეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი, პარლამენტი და ოპოზიცია შეთანხმდნენ იმაზე, რომ „პრეზიდენტი ვიცე - პრემიერად ოპოზიციური ძალების ბლოკის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას დანიშნავს“.

გარდა ამისა, „პრეზიდენტი პარლამენტში განსახილველად წარადგენს კონსტიტუციური სასამართლოს ორ კანდიდატურას, რომელსაც ოპოზიციური ძალების ბლოკი შესთავაზებს“.

შეთანხმების თანახმად, „სახალხო კრება ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრს, რომელსაც ოპოზიციური ძალების ბლოკი წარადგენს“.

მესამე პუნქტში ნათქვამია, რომ „ოპოზიციური ძალების ბლოკი იღებს ვალდებულებას, არ მოითხოვოს რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომა“.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს, სოხუმში ოპოზიციური ძალების ბლოკისა და დე ფაქტო ხელისუფლების მომხრეების მიტინგები გაიმართა. ოპოზიციის მომხრეები, ამჟამინდელი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ.



Print