რეგიონი
ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში დოკუმენტური ფილმის ,,ქართველებთან და საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა. ის ასახავს მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის, ავსტრიელი მწერლის და პაციფისტის, ბერტა ფონ ზუტნერის და მისი მეუღლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხუთწლიან პერიოდს ზუგდიდში.

,, ყველა ავსტრიელმა იცის ვინ არის ბერტა ფონ ზუტნერი, მაგრამ ყველა ავსტრიელმა არ იცის, რომ ის საქართველოში მნიშვნელოვან მწერლად ჩამოყალიბდა,’’ - აღნიშნა მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ.

დოკუმენტური ფილმი ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფმა მერიის მხარდაჭერით მოამზადა, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოში ცხოვრების მანძილზე ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე აქტიურ სამწერლო- ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ. ისინი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესთან ერთად იონა მეუნარგიას აქტიურად ეხმარებოდნენ ,,ვეფხისტყაოსნის’’ ნაწარმოების ფრანგულად თარგმნაში. ბერტამ სწორედ ზუგდიდში დაწერა რომანები : ,,ჰანა’’ , ,,ცუდი ადამიანი’’, ,,სულის ინვენტარიუმი’’. ის და მისი მეუღლე სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სტუმრები იყვნენ.

სამწერლო მოღვაწეობის გარდა ბერტამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა თავისი დროის პაციფისტური მოძრაობის განვითარებაში. მან ომის საშინელებებს რომანი “ძირს იარაღი!” მიუძღვნა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად, 16 ენაზეა თარგმნილი. 

იგი 1905 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში, ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს პრემია მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ დარგში პრემიის დაწესება ალფრედ ნობელს სწორედ ბერტამ შთააგონა.

Print