რეგიონი
გიდი სამსახურიდან გათავისუფლებაში მუზეუმის დირექტორს ადანაშაულებს (ვიდეო)
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ ბრიფინგი გამართა. იგი სამსახურიდან მის გათავისუფლებას აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ ეს მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას პირადი ინტერესია.

სამინისტროში მქონდა წერილი დაწერილი, თუ როგორ პირობებში ვიყავით ჩვენ აქ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და დასკვნა არ იყო ჯერ დადებული, ლილი ბერაიამ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გავეთავისუფლებინე სამსახურიდან... მე ვერ ვგებულობ, რა მიზეზით...“, - აღნიშნა ზოდელავამ.

როგორც ყოფილი გიდი ამბობს, მას ფოსტით წერილი მოუვიდა, რომელშიც წერია, რომ, ხელშეკრულება შეწყდა. ზოდელავა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და ორშაბათიდან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იურისტებს მიმართავს.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ, რეორგანიზაციის ფარგლებში, დაწესებულებებს ბიუჯეტი შეუმცირდათ. როგორ განსაზღვრავს ესა თუ ის დაწესებულება ხარჯებს - გაათავისუფლებს თანამშრომლებს თუ სხვაგვარად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს - ეს კონკრეტული ორგანიზაციის გადასაწყვეტია.

მუზეუმის ადმინისტრაციაში, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. მის გარდა, სამსახურიდან კიდევ ერთი თანამშრომელი დაითხოვეს.

Print