რეგიონი
დევნილების სააპლიკაციო ქულები ზუგდიდში მონიტორინგის ჯგუფმა გადაამოწმა (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობები მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა. მათ იძულებით გადაადგილებული პირების ის ოჯახები გადაამოწმეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია უკვე შევსებული ჰქონდათ და პირველადი მონაცემებით, მაღალი ქულები მიენიჭათ. ამ პროცესმა დევნილების ის ნაწილი გააღიზიანა, რომლებთანაც გადასამოწმელბლად ჯერ არ მისულან ან დაბალი ქულები მიიღეს.

„არაფერს არ ვითხოვ გადამოწმების გარდა, არ ვითხოვ დღესვე მომცენ ბინა. მაინტერესებს, არის თუ არა საკმარისი 7 ქულა ჩვენთვის ასეთ პირობებში. 79 წლის ავადმყოფ დედამთილთან, ორ მცირეწლოვანთან ერთად ერთ ოთახში ვცხოვრობ, მეუღლე ომის ვეტერანია. აქაც მაწვიმს, იატაკი ჩამტვრეულია“,- აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა ნინო შონიამ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მონიტორინგის ჯგუფის მიერ პირველადი ქულების შემოწმების შემდეგ კომისია დაიწყებს მუშაობას  და დაადგენს, თუ რამდენად სწორად მოხდა მათ მიერ განაცხადის შევსება.

მონიტორინგის ჯგუფის მუშაობას თვალყურს ადევნებდნენ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები.








Print