რეგიონი
სასამართლომ ყოფილი საჯარო მოხელეების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების, მაია ღურწკაისა და ქეთო ტაბაღუას საქმის განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ყოფილი საჯარო მოხელეების ინტერესის დამცველის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტის ლელა მოწონელიძის ინფორმაციით, მომდევნო პროცესისთვის გამგეობას დამატებით რამდენიმე დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

“დავიწყეთ საქმის არსებითი განხილვა. ატესტაციის შემდეგ გარკვეულ თანამდებობებზე განხორციელდა რეორგანიზაცია. იმისთვის, რომ დავაზუსტოთ, თუ რაშია საქმე, მოპასუხე მხარეს დოკუმენტების გამოთხოვა დაევალა“, - აღნიშნა ლელა მოწონელიძემ.

მომდევნო პროცესი თექვსმეტ თებერვალს ჩაინიშნა.

გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნა უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა.



Print