რეგიონი
ზუგდიდში გარევაჭრობის რეგულაციის წესის სამუშაო ვერსია განიხილეს (ვიდეო)
ზუგდიდში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გარევაჭრობის რეგულირების წესთან დაკავშირებით, საჯარო შეხვედრა გაიმართა, სადაც საკრებულოს შეასაბამისი კომისიის წევრებმა რეგულაციის სამუშაო ვერსია წამოადგინეს. შეხვედრას გარემოვაჭრეები, საზოგადოებრივი ორგანზაციებისა და შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლმა გიორგი თოდუამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგულაციის წესის მიღება, გარდა ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა, მოსახლეობისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვასაც შეუწყობს ხელს.

„რეგულაციების წესების მიღებასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმ ტერიტორიების განსაზღვრაზე, სადაც ნებადართული იქნება გარევაჭრობა, ამასთან, გარემოვაჭრეებს შევთავაზეთ მსუბუქი კონსტრუქციების დამონტაჟება“, - თქვა თოდუამ.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, გარევაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები არ უნდა აფერხებდეს, როგორც ქვეითთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებას. ამასთან, დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და უსაფრთხოების წესები. უნდა აიკრძალოს მალფუჭებადი პროდუქტით ვაჭრობა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გარევაჭრობა ნებადართული იქნება ისეთი საქონლით როგორებიცაა: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ყვავილები და ხილ-ბოსტნეული.

გარევაჭრობას მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.

თავის მხრივ, გრემოვაჭრეები მათთვის ადგილების გამოყოფასა და მათზე შესაძლო მსუბუქი კონსტრუქციების დამონტაჟებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში გადასახადსაც გადაიხდიან.

„რეგულაციები აუცილებელია, არავის არ მოსწონს ცუდ ამინდში ქოლგით და ცელოფნებით გარეთ ჯდომა, ქალაქისთვისაც არ არის ლამაზი. არა მგონია ისეთი გადასახადი იქნეს, რომელსაც ვერ გავწვდებით. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“,- ამბობენ მოვაჭრეები.

საკითხის საჯარო განხილვა ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ, ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, გამართა.

Print