რეგიონი
აფხაზეთიდან რუსეთში წელს 4 - ჯერ ნაკლები მიმოზა გაიტანეს
აფხაზეთიდან 2017 წელს გატანილი მიმოზის მოცულობა, თებერვალში დაფიქსირებული ძლიერი ყინვებისა და დიდთოვლობის გამო, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, ოთხჯერ შემცირდა. ამის შესახებ წერს სააგენტო „ტასი“ დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის“ თავმჯდომარის უშანგი კვიცინიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, 2016 წლის 6 მარტის მონაცემებით, რუსეთში აფხაზეთიდან 267 ტონა მიმოზა გავიდა, მიმდინარე წელს კი მხოლოდ 66 ტონა. წელს "სულ 130 ტონამდე „სურნელოვანი“ ტვირთის გაფორმება იგეგმება“,- ნათქვამია საბაჟოს წარმომადგენლის განცხადებაში.

ადლერის საბაჟო პუნქტის პრეს - სამსახურის ინფორმაციით, საბაჟოზე ბოლო პერიოდში მიმოზის „უკანონო ექსპორტის ფაქტებიც“ გამოვლინდა. „მიმოზის სეზონის დაწყებიდან აღძრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამი საქმე „საზღვარზე დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვების უგულვებელყოფის“ შესახებ კანონის შესაბამისად“.

Print