რეგიონი
ინოვაციების დღეები ზუგდიდის ტექნოპარკში (ვიდეო)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში ინოვაციების დღეები ჩაატარა. სააგენტომ დღეს სტარტაპებს გააცნო სახელმწიფო ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით, ამასთანვე წარუდგინა საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები. უკვე წარმატებულმა სტარტაპებმა და მეწარმეებმა დამწყებებს ტრეინინგი ჩაუტარეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას ინოვაციების სააგენტოსთან ერთად მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის განვითერების სააგენტო, სს „საპარტნიორო ფონდი“ და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის“ განვითარების ფონდი იღებდა.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, ინოვაციების განვითარებას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში და მათ იდეების განხორციელებაში მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა კასრაძემ.

USAID -ის პროექტის G4G მმართველობა განვითარებისთვის კომპონენტის ხელმძღვანელის მაია ერისთავის თქმით, საქართველოში მეწარმეობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„USAID-ის პროექტი G4G გახლავთ ხუთწლიანი პროგრამა, რომლის მიზანი არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა“, - აღნიშნა მან.

ინოვაციების დღეების დასკვნითი ეტაპი 12 მარტს გაიმართება. ღონისძიების დასასრულს ინოვაციების სააგენტო ათივე მუნიციპალიტეტთან მემორანდუმს გააფორმებს. პროექტის ფარგლებში მხარეები შეთანხმდებიან სამომავლო თანამშრომლობასა და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობის განხორციელებაზე.

აღნიშნული დღეები პირველად 2016 წლის ნოემბერში ჩატარდა.

Print