რეგიონი
კახა კუკავა: ზუგდიდის ხელისუფლებაში ენმ-ის წევრები დაბრუნდნენ (ვიდეო)
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლის კახა კვარაცხელიას სასამართლო პროცესს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა დაესწრო. მისი თქმით, სამსახურებიდან ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა ტოტალურად ხდება.

„ცინიკურია, ქართული ოცნების მხარდამჭერების სამსახურიდან დათხოვნა ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და მაშინდელი უშიშროების ხელმძღვანელის ლაშა გოგიას მიერ. სამსახურებიდან იმ ხალხს ათავისუფლებენ, რომლებიც პირველ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს გვერდში ედგნენ“, - აღნიშნა კუკავამ.

დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამგეობიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი საჯარო მოხელის კახა კვარაცხელიას სარჩელის განხილვა დაიწყო. დღევანდელი სხდომა მოსამზადებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მინდობილობის დოკუმენტის ფიზიკური დაზიანების გამო გადაიდო. გამგეობის ყოფილ თანამშრომელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ადგილობრივი შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ის სამსახურიდან, გამგებლის ყოფილი მოადგილის გურგენ სართანიასთან მეგობრობის გამო გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში ჩატარებული ატესტაციის შედეგად ზუგდიდის გამგეობის სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი დაითხოვეს. მათი ნაწილი მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნა უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა. თავის მხრივ, გამგეობაში ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი ატესტაციის საფუზველზე გაათავისუფლეს.


Print