რეგიონი
ზუგდიდში ყოფილი თანაპარტიელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ყოფილი საჯარო მოხელე გურგენ სართანია ზუგდიდის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს მის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. სართანიას თქმით, მისი მისამართით სოციალური ქსელების მეშვეობით ნეგატიურ კომენტარებს აქვეყნებენ. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„არჩევნების პერიოდში, როდესაც „პატრიოტთა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატი ვიყავი, ვისარგებლე კუთვნილი შვებულებით და გამგეობაში დავბრუნდი, როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ამის შემდეგ დამიწყეს ლანძღვა-გინება. საზოგადოებასათან სამსახური რომ ჰქვია, რა უფლება აქვს მე მლანძღოს, მას მერე, რაც გავაქტიურდი, მერი შენგელაიამ ტელეკომპანია „ობიექტივში“,  როდესაც დედაჩემს, ლალი ანთიას პირდაპირი ეთერი ჰქონდა, დარეკა და თქვა, რომ მე „პატრიოტთა ალიანსიდან“ გარიცხული ვარ, რაც აბსურდია“, - განაცხადა გიზო სართანიამ.

საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მერი შენგელაიამ სართანიას ბრალდებები უარყო. მისი თქმით, აღნიშნული სტატუსები თვეების წინ დაწერა და მას სამსახური თავისუფალი აზრის გამოხატვას არ უზღუდავს.

„რაც შეეხება ჩემს ზარს პირდაპირ ეთერში, არ აქვს მნიშვნელობა, დავრეკე თუ არა, ტელევიზიაში რომ არ დავრეკო და არ ვილაპარაკო, ისედაც მთელმა ზუგდიდმა იცის მისი ოჯახის შესახებ, რაც შეეხება სართანიას პარტიიდან გარიცხვას, ეს სიმართლეა და მე ჰაერში არაფერს ვამბობ. შეგიძლიათ პარტიის პრესსამსახურს დაურეკოთ და დაგიდასტურებენ“ , - აღნიშნა მერი შენგელაიამ.

'საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი გურგენ სართანია გამგეობაში შვებულების დამთავრებისთანავე, 10 ოქტომბერს დაბრუნდა, როგორც გამგეობის მოვალეობის შემსრულებელი, თუმცა ის დაკავებული თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს.


Print