რეგიონი
ზუგდიდში დევნილმა ქალმა თვითმკვლელობა ცადა (ვიდეო)

ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილმა ქეთინო ჩაკაბერიამ დიდი დოზით ჰიპოტენზიური საშუალება კლოფელინი მიიღო. მან თვითმკვლელობა დევნილთა

სამმართველოში პროტესტის ნიშნად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო, რომ ამ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს ვერ მიიღებდა.

დევნილი ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება და მას მედიკოსები შესაბამის მკურნალობას უტარებენ. ექიმ-ტოქსიკოლოგის ქეთევან წყაროზიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩაკაბერიას ახლობლების განმარტებით, ის ფაიფურის დასახლებაში ნაქირავებ ბინაში, 10 წელია, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და ბარამიას ქუჩაზე ბინის მიღებას ელოდებოდა.

დღეს ზუგდიდში დევნილთა სამმართველოს შენობასთან დევნილთა იმ ნაწილმა, რომელმაც ბარამიას ქუჩაზე მდებარე კორპუსში ბინა ვერ მიიღო, აქცია გამართა. ამასთან დაკავშირებით ისინი ზუგდიდში მყოფი მინისტრის მოადგილესთან შეხვედრასა და განმარტებებს ითხოვდნენ.

ცნობისთვის, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან ახლადაშენებულ კორპუსში, ყოფილი სტამბის შენობაში მცხოვრებმა 144 დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი მიიღო. იძულებით გადაადგილებულ პირებს ბინები დღეს კენჭისყრის პრინციპით გადაეცათ.


 

 

Print