რეგიონი
ზუგდიდში დევნილი თავის დაწვით იმუქრება (ვიდეო)
ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილმა ჟანა ცაცუამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ის დევნილთა სამმართველოში არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. ცაცუას თქმით, მას ცხრა ქულა ჰქონდა და ბარამიას ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსში ბინას ელოდებუდა, თუმცა ვერ მიიღო.

„ სამი წელია ნაქირავებში ვცხოვრობთ ბევრი საცხოვრებელი გამოვიცვალე, ქირასაც კი არ მიხდიდნენ. ბინას მპირდებოდნენ და ახლა კაბინეტიდან ისე გამომაგდეს კარებში ხელი მომყვა, აქ ვიქნები სანამ სასურველ პასუხს არ მივიღებ და თუ არ დამაკმაყოფილებენ საცხოვრებელი ფართით თავს აქვე დავიწვავ“, - თქვა ცაცუამ.

აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა ადგილზე არ იმყოფებოდა. იგი რადიო „ათინათის“ სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

დევნილთა და განსახლების სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 2 თორმეტსართულიან კორპუსში 144 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. იმ დევნილების სია, რომლებიც აღნიშნულ კორპუსებში ბინებს მიიღებენ სამინისტროს ვებ-გვერდზე 22 მარტს გამოქვეყნდა.

Print