რეგიონი
საქსტატმა ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გამართა (ვიდეო)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა ზუგდიდის გამგეობაში ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა სტატისტიკის წარმოება და გავრცელება ისეთი ფორმით, რომელიც გაადვილებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს ყველა დონეზე. აქცენტი გავაკეთეთ სტატისტიკური მონაცემების გამოყენების გაუმჯობესებაზე, რათა ამავაღლოთ მომხმარებელთა კმაყოფილების დონე“, - განანცხადა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გოგიტა თოდრაძემ.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლის ვალდეგ კოდუას თქმით, ის საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ხშირად ეცნობა, რაც ბიზნესის განვითარებაში ეხმარება.

უწყების აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა მსგავსი სახის  შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქსტატი მომხმარებლებთან კონსულტაციებს გამართავს და მათ საჭიროებებს შეისწავლის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ზუგდიდში ვიზიტი გასვლითი შეხვედრების ფარგლებში შედგა.

Print