რეგიონი
საია: დევნილთა ახალ დასახლებებში წყლისა და ნესტის პრობლემაა (ვიდეო)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციამ ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე და ფოთში, მალთაყვის დევნილთა ჩასახლებებში არსებული მდგომარეობის კვლევა წარმოადგინა. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას თქმით, იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ ფართებში ნესტისა და სასმელი წყლის პრობლემები გამოიკვეთა. აღნიშნულ თემაზე მან საიას ადგილობრივ ოფისში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც დევნილები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, დევნილთა სამმართველოსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრის მიზანი პასუხისმგებელი ორგანოების დასწრება და ამ პრობლემების მათთვის გაცნობა იყო, მაგრამ დევნილთა სამინისტროს და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, გარკვეული მოზეზების გამო,მას ვერ დაესწრნენ“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მოადგილის ზურაბ გერგედავას თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ კორპუსებში წყლის პრობლემა თავიდანვე გამოიკვეთა, ხოლო რაც შეეხება ნესტს, მან, მისი თქმით, მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების შედეგად იჩინა თავი.

„ამ პროექტთან ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია, მაგრამ, არ მგონია, რომ იქ ჰიდროიზოლაცია არ ყოფილიყო გათვალისწინებული. ახლა აშენებულ ბინებზე, რომლის დამკვეთიც სამინისტროა, მსგავსი პრობლემები არ არსებობს. მე როგორც ვიცი, თაბუკაშვილზე ახალი ჭაბურღილი გაითხარა და სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე დასკვნაც არსებობს“, - აღნიშნა გერგედავამ. 

აღნიშნულ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები სამინისტროს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ სასმელი წყლი კვლავ დაბინძურებულია. ამასთან, ისინი სპეციალური კომისიის გამოყოფას და დასახლებაში არსებული პრობლემების შესწავლას, მათ შორის წყლის საკითხის მოგვარებას ითხოვენ.

„ჩასახლებიდან ერთი თვის შემდეგ,წყლის პრობლემები გაჩნდა, რაც დღემდე მოუგვარებელია.იყო მოწამლვის ფაქტებიც, ვის არ მივმართეთ და დღემდე არ მოუგვარებიათ“, - თქვა შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთმა დევნილმა.

ცნობისთვის, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში აფხაზეთიდან დევნილმა 320- მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი 2015 წელს მიიღო. ხოლო,მალთაყვაში 1000-ზე მეტ დევნილს ბინები2011 წელს გადაეცათ.




Print