რეგიონი
TI: თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა დაბალია (ვიდეო)
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს, მათ შორის, არაინფორმირებულობა და მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების არაეფექტურობა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოქალაქეები უმეტეს შემთხვევაში, პეტიციით ითხოვენ, არა სამართლებრივი რეგულირების ცვლილებას, არამედ ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას.

„პეტიციის გამოყენების შემაფერხებელია დათქმა, იმის თაობაზე, რომ მისი წარდგენის უფლება აქვს კონკრეტულ თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1 პროცენტს. ამ მექანიზმის გასაუმჯობესლებად, საჭიროა მოსახლეობის უფრო მცირე ჯგუფს შეეძლოს პეტიციის წარდგენა“, - აღნიშნა თოდუამ.

კვლევაში ჩართულობის ერთ-ერთ მექანიზმზე - დასახლების საერთო კრებაზე ნათქვამია, რომ ის მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში საერთოდ არ გამართულა, ხოლო იქ, სადაც ჩატარდა, უმრავლეს შემთხვევაში, ინიციატორი არა მოქალაქეთა ჯგუფი, არამედ მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

რაც შეეხება საკრებულოს წევრთა შეხვედრებს ამომრჩეველთან, ორგანიზაციაში თვლიან, რომ აუცილებელია შეხვედრის ოქმის შევსება, რასაც დეპუტატები ხშირ შემთხვევაში არ ადგენენ.
„საჭიროა ოფიციალურ დოკუმენტში აისახოს შეხვედრაზე განხილული საკითხები და ამომრჩეველთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები“, - თქვა თოდუამ.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, დაბალია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და განხილვაში მოქალაქეების ჩართულობა.

„აღნიშნულ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ერთგვარი წახალისების მიზნით ნაბიჯები უნდა გადაიდგას მუნიციპალიტეტის მხრიდანაც, რათა საკრებულოს მიერ მიღებული საბოლოო დოკუმენტი მაქსიმალურად ასახავდეს მოქალაქეთა ყველა ჯგუფის წინაშე მდგარ საჭიროებებს“, - თქვა თოდუამ.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკანონმდებლო რეგულაციები უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის პროცესი რამდენიმე ეტაპად დაიყოს, მაგალითად: პრობლემის იდენტიფიცირება, პროექტებისა და ალტერნატივების შექმნა, საბიუჯეტო და ფინანსური დაგეგმარება, განხორციელება; პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება.

Print